ღებინება და დიარეა (გასტროენტერიტი) ბავშვებში – პრაქტიკული ცნობები და რჩევები


უდავოა რომ ცუდად გამოიყურება, ცუდი სუნი აქვს და არასასიამოვნოა, მაგრამ დიარეა და ღებინება იშვიათადაა საშიში.

ღებინება (მასების ევაკუაცია(ამოღება) კუჭიდან) არ უნდა აგვერიოს ნახველში , რომელიც გაუწყლოებას (დეჰიტრატაციას) არასდროს იწვევს.

დიარეის განმარტება უფრო რთულია, რადგანაც თხელი განავალი შეიძლება პერიოდულად სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც ჰქონდეს და ეს არ იყოს დიარეა.

ხშირი დეფეკაცია, ასევე შეიძლება ნორმა იყოს, განსაკუთრებით ძუძუთი კვების დროს(ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ შეიძლება დასვარონ საფენი, დღეში დაახლ. 12-ჯერ, ხშირად თხელია და ყვითელი, პატარა მარცვლოვანი ნაკუწებით–მიუხედავად ასეთი შესახედაობისა-ეს არ არის დიარეა).

დიარეა არის ნაწლავთა მოქმედების(არასწორია ტერმინი “კუჭის მოქმედება”) უეცარი გახშირება, ჩვეულებრივზე 3-4ჯერ, განავალი წყლისებრი კონსისტენციისაა; სიხშირეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს განმარტებაში, ვიდრე კონსისტენციას.

ჩვეულებრივ, ნორმალურ ქვეყნებში, დიარეის შედეგად გაუწყლოება არ ვითარდება, რადგანაც დროულად ხდება დაკარგული სითხის და ელექტროლიტების შევსება.

ყველაზე ხშირი მიზეზი ღებინების არის ვირუსული “გასტროენტერიტი” (ეს უცნაური სამედიცინო ტერმინი ნაწლავების ინფექციას ნიშნავს, პროცესს, რომელიც არღვევს საჭმლის მონელების ნორმალურ პროცესს.

ვირუსული გასტროენტერიტის გამოვლინებები შეიძლება იყოს: თავის ტკივილი, ცხელება, მადის დაქვეითება,მუცლის ტკივილი, კუნთების ტკივილი, თუმცა დომინირებს 2 ძირითადი სიმპტომი: ღებინება და დიარეა.

რას უნდა ველოდოთ

ჩვეულებრივ, ბავშვის ღებინება გრძელდება 1-2 დღე, ღებინების 3-დან 6-მდე (ცალკეული, დამოუკიდებელი) შემთხვევა დღეში. დიარეა, როგორც წესი, უფრო დიდ ხანს გრძელდება- 1დან 2 კვირამდე, დღეში დაახლ. 6-15 ეპიზოდი.

დაავადება იწყება კონტაქტიდან (დაინფიცირებიდან) 12 საათის-4 დღის შემდეგ და გრძელდება 3-7 დღე.

ვირუსული გასტროენტერიტის პიკი არის ზამთარში (70-90% შემთხვევების).

როტავირუსის ვაქცინა

“ჩემს შვილს ენტეროვირუსი აქვს”–გავრცელებული ფრაზა, ზუსტად არავინ იცის რომელმა ვირუსმა გამოიწვია თქვენი შვილის სიმპტომატიკა, ამას სპეციფიური,ძვირადღირებული ტესტი ჭირდება (ან მარტივი სწრაფი ტესტი, რომელიც ყველგან და მასობრივად არაა ხელმისაწვდომი და დიდ საჭიროებასაც არ წარმოადგენს, მხოლოდ ეპიდემიოლოგიური და კვლევის თვალსაზრისით აქვს მნიშვნელობა, ისე კი მკურნალობის კურსს არ ცვლის); ისე კი ყველაზე ხშირი გამომწვევი არის როტავირუსი. მისი საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა 1998 წელს შეიქმნა, თუმცა რაღაც ხარვეზების გამო მომდევნო წელს ამოღეს წარმოებიდან.

2006 წელს ახალი ვაქცინები გაოუშვეს RotaTeq (Merck & Co)  და Rotarix(GSK), რომელიც გამოდგა უსაფრთხო და ეფექტური, იმ ქვეყნებში სადაც აქტიურად იყენებენ შემცირდა ჰოსპიტალიზაციის, დეჰიტრატაციის და გართულებეის სიხშირე.

2013 ჯანმო (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) ეგიდით რამოდენიმე კონფერენცია და განხილვა მოეწყო საქართველოში და შედეგად საქართველოს დაავდებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვერბ-გვერდზე წერია შემდეგი:

   2013 წელს საქართველოში როტავირუსული  ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის   დანერგვასთან დაკავშირებით  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N01–13ნ  18.03.2013   ბრძანებით, სშჯც მინისტრის N183/ნ 25.06.2010  ბრძანებაში „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, აგრეთვე იმუნიზაციის მართვის წესებისა და საჭირო სააღრიცხვო-საანგარიშგებო ფორმების  დამტკიცების შესახებ“  შეტანილი იქნა ცვლილებები, რის შედეგადაც   პროფილაქტიკურ ეროვნულ კალენდარს დაემატა როტავირუსული ვაქცინა. ვაქცინაცია ტარდება  როტარიქს   (Rotarix) ვაქცინით, რომელიც    მაღალეფექტურობით დაა უსაფრთხოებით გამოირჩევა.  
ვაქცინაციის კურსი შედგება 2 დოზისაგან.     პირველი დოზით ვაქცინაცია   კეთდება   8 კვირის ასაკიდან (2 თვე) 15 კვირის ასაკამდე,  ხოლო მეორე დოზა  – 12 კვირის (3 თვე) ასაკიდან   24 კვირის ასაკამდე. ვაქცინაცია ტარდება  პროპილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათალისწინებულ ხუთკომპონენტიანი (დიფთერია–ტეტანუსი– ყივანახველა– ჰეპატიტი ბ– B ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცა) და პოლიო ვაქცინების პირველ და მეორე დოზებთან  ერთად,  იგივე ვიზიტზე.  ვაქცინის მიღება ხდება ორალურად (პირის ღრუში ჩაწვეთებით). პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 4 კვირა. 

http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=515

არავირუსული გასტროენტერიტი

იშვიათ შემთხვევაში მიზეზი ბაქტერიაა, ამ დროს ყველაზე ხშირია სისხლიანი დიარეა.თუმცა სისხლი განავალში ყოველთვის აუცილებლად ბაქტერიულ ეტიოლოგიას არ ნიშნავს-ვირუსული გასტროენტერიტის დროს შეიძლება ანუსის ან ნაწლავის კედელი გაღიზიანდეს და სისხლმდენი გახდეს.

თუ სისხლის რაოდენობა მთლიანი განავლის დაახლ. 10%ზე მეტია და მეორდება დეფეკაციის რამოდენიმე ეპიზოდის განმავლობაში, აუცილებლად მიმართეთ პედიატრს კონსულტაციისთვის, საჭირო იქნება განავლის ანალიზი.

ბაქტერიული გასტროენტერიტი ძალიან საყურადღებოა, როგორც წესი საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს საავადმყოფოს პირობებში და ანტიბიოტიკოთერაპიას.

მესამე და უფრო იშვიათი მიზეზი გასტროენტერიტისა არის პარაზიტები.

ერთ-ერთი ყველაზე ხშრი გამომწვევი პარაზიტია: ჟ(ჯ)იარდია ლამბლია (ლამბლიოზი), რომელიც საკმაოდ ხშირად და ადვილად ვრცელდება საბავშვო ბაღში. კარგად ემორჩლება ანტიბიოტიკოთერაპიას და არაა საშიში.

თუ თქვენს ბავშვს დიარეა 2 კვირაზე დიდ ხანს უგრძელდება განავლის ანალიზი დაგეხმარებათ (დაეხმარება პედიატრს) გამოსავლის პოვნაში. თუ დიარეა 2 კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობისაა განავლის ანალიზი დიდ აუცილებლობას არ წარმოაგენს.

დეჰიტრატაციის საშიშროება

მიუხედავად იმისა, რომ ღებინება და დიარეა ძნელი სანახავია და დამღლელია მშობლისთვის, სწორად მართვის შემთხვევაში ის საშიში არაა.

დეჰიდრატაციის შესაძლო განვითარება არის ყველაზე დიდი საშიშროება. დეჰიდრატაციის მარტივად აღსაქმელად წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბავშვის სხეული არის ყუთი. თუ ყუთიდან “გადმოღვრილი” სითხე (ჯანმრთელ ბავშვში: შარდვა, განავალი, ოფლი, გასტროენტერიტის დროს ემატება:ღებინება და დიარეა) შეივსება ყუთში სითხის ჩასხმით (კვება, სმა) გაუწყლოება არ მოხდება.

გასტროენტერიტის დროს უფრო მეტი სითხე უნდა მივაწოდოთ ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად (რომ არ გამოვიწვიოთ ღებინება და შევაკავოთ სითხე ორგანიზმში), თუ ეს ვერ ხერხდება შეიძლება სითხის გადასხმა გახდეს საჭირო ინტრავენურად (საავადმყოფოში).

საბედნიეროდ, კვლევებმა აჩვენა, რომ სითხეების ინტრავენურად გადასხმა იშვიათად ხდება საჭირო (ეს არ ეხება საქართველოს სამწუხაროდ! ეს კვლევები აშშ-ში და ევროპაში ჩატარდა, ჩვენთან ხომ “გადასხმა უებარი წამალია” მშობლების და მომვლელების თვალში…) და სითხის ორალურად მიღება (დალევა) ისეთივე ეფექტურია როგორც ინტრავენური გადასხმა, სამაგიეროდ ნაკლებ ტრავმულია ბავშვისთვის (იფიქრეთ ამაზე!).

  • დასალევი სარეჰიდრატაციო ხსნარი უმჯობესია იყოს უფერო (განავლის ან ამონაღები მასის შესაძლო ფერის ცვლილებამ შეცდომაში არ შეგვიყვანოს)

რჩევები სითხის მიცემის წესთან დაკავშირებით:

  • კუჭის კუნთებს მიეცით საშუალება ძალღონე აღიდგნინონ, ამიტომ ნუ დაალევინებთ ნურაფერს ღებინებიდან 30 წუთის განმავლობაში.
  • სარეჰიდრატაციო ხსნარი (ჰუმანას ელეტროლიტი, აისოლი, რეჰიდრონი…) მიეცით 5 მლ (1 ჩაის კოვზი) ყოველ 3-5 წუთში ერთხელ 30 წუთის განმავლობაში
  • შემდეგ შეისვენეთ დაახლ. 20-25 წუთი (არაფერი დაალევინოთ), თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ არ აღებინა, შეგიძლიათ გააგრძელოთ სითხის მიცემა (უფრო თავისუფლად).
  • თუ აღებინებს, მაშინ ციკლს დაიწყებთ თავიდან (ანუ ღებინებიდან 30 წუთის განმავლობაში  სითხეს არ დაალევინებთ, შემდეგ მისცემთ 1 ჩაის კოვს 3-5 წთ-იანი ინტერვალებით 30 წუთის განმავლობაში, პაუზა 20-25 წუთი და ა.შ.).

თუ თქვენი ბავშვი ვერ შეასრულებს 2 ასეთ ციკლს (ანუ პირველი ციკლის განმავლობაში ღებინება, შემდეგ მეორე ციკლის მცდელობის დროსაც–ღებინება) მაშინ დაურეკეთ პედიატრს.

გამოჯანმრთელების გზაზე 

თუ თქვენი ბავშვი, რომელიც აღებინებდა და დიარეა ჰქონდა ძალიან მალე დაუბრუნდება ჩვეულებრივ საკვებს და სასმელს, მეტი შანსია, რომ სიმპტომები ისევ დაბრუნდეს, რადგანაც კუჭ-ნაწლავს დრო ჭირდება აღდგენისთვის. როგორც ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, სირბილის შემდეგ კუნთები გტკივათ და დრო ჭირდება გაქრობას, ასევე ხდება აქაც: კუჭისა  და ნაწლავის კუნთები სუსტდება ღებინების შემდეგ, ასე რომ უჭირთ საკვების პერისტალტიკა ქვედა მიმართულებით (გადაადგილება, გადასროლა სწორი ნაწლავის დაბოლოებისკენ), რახან ამ მიმართულებით ვერ მოძრაობს საკვები- უფრო გრძელი გზაა გასავლელი და კუნთები კი დაღლილია, გადმოისვრის საპირისპირო მიმართულებით-უკუპერისტალტიკა-პირისკენ=ღებინება.

რჩევები კვებასთან დაკავშირებით

ბევრმა იცით დიეტის შესახებ(ცნობილი BRAT დიეტა – bananas, rice, applesauce, and toast ) და ბევრი “აშიმშილებთ” ბავშვს ამ დროს, თუმცა აღმოჩნდა, რომ საჭირო არაა ძალიან შეზღუდული დიეტა (დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი).

როცა თქვენი შვილი მოინელებს (არ ამოაღებინებს, შეირგებს) დაახლ. 350 მლ სითხეს თქვენ უკვე შეგიძლიათ შესთავაზოთ პურეული,ბურღულეილი, ბრინჯი, მარცვლოვნები. მაკარონი, სუპები(ზედმეტი ცხიმის და სანელებლების გარეშე), რბილი საკვები- ქათამი (არ უნდა იყოს ძალიან შემწვარი და არც ცხიამიანი, არც ზედმეტი სანელებლებით), კარტოფილი(შემწვარი ან პიურე), ბოსტნეული(მოხარშული ან მოთუშული), ვაშლი, ბანანი, მსხალი, ატამი; ორცხობილა,ნაკლებცხიმიანი და მცირე შაქრიანი დესერტი, მინერალური წყალი უგაზო.

ერიდეთ: ჩიფსებს, თხილს, კარტოფილ-ფრის, რძეს, მაღალცხიმიან რძის პროდუქტებს, კარაქს, მარგარინს, ცხიმს, ცხიმიან ყველს, ნაყინს, შოკოლადს, კოკა-კოლა , ხილის წვენები (მაღალი შაქრის შემცველი ნებისმიეი სითხე), ყავა, ჩაი.

ლაქტოზას (რძის) აუტანლობა

გასტროენტერიტის შემდეგ ზოგიერთ ბავშვს აქვს რძის დროებითი აუტანლობა. ლაქტაზა არის ფერმენტი, რომელიც რძის შაქარს – ლაქტოზას მონელებას უწყობს ხელს, ის პროდუცირდება ნაწლავის კედლის უჯრედებში და ვინაიდან გასტროენტერიტის დროს ნაწლავის სწორედ ეს ნაწილი ზიანდება, დროა საჭირო რათა ეს უჯრედები აღდგნენ და აღიდგინონ თავიანთი ფუნქცია.

თუ გასტროენტერიტის ეპიზოდის შემდეგ შეატყობთ, რომ თქვენს ბავშვს მუცელი ებერება, გაზები უგროვდება ან რაიმე სახის დისკომფორტი აქვს რძისა და/ან რძის პროდუქტების მიღების შემდეგ, დროებით შეუზღუდეთ ეს პროდეუქტები.

გამონაყარი საფენის ქვეშ

პატარებს, რომლებიც ჯერაც საფენებს ხმარობენ, დიარეის რამოდენიმე ეპიზოდის შემდეგ შეიძლება გამონაყარი გაუჩნდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ცუდად და არაადეკვატურად უვლით ბავშვს ან არ იცავთ ჰიგიენის ნორმებს, უმეტეს შემთხვევაში ეს უბრალოდ გარდაუვალია.

როგორ ავიცილოთ თავიდან:

  • .ყოველ ჯერზე გამოიყენეთ რბილი ქსოვილი და ნაზი მოძრაობით გაუწმინდეთ (უმჯობესია ჩარეცხოთ გამდინარე წყლით, საპნის გარეშე)
  • მიეცით საშუელება კანს ჰაერზე გაშრეს (ოღონდ დარწმუნდით რომ ბოლომდე მშრალია კრემის წასმის და საფენის გაკეთების წინ)
  • ჰაერზე გაშრობის შემდეგ გამოიყენეთ სპეციალური ბარიერული კრემი(თუთიის ოქსიდის და/ან ვიტ. ა და დ-ის, პარაფინის შემცველი)

ზოგჯერ კანი შეიძლება ძალიან გაღიზიანებული იყოს და ნახეთქები გაჩნდეს, დიდ ხანს არ ხორცდებოდეს, ამ შემთხვევაში გამოსარიცხია ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია და აუცილებლად უნდა ნახოს პედიატრმა.

მედიკამენტები

უმრავლეს შემთხვევაში ვირუსული გასტროენტერიტი(“კუჭის ვირუსი”, “კუჭის გაციება”) მედიკამენტურ ჩარევას არ საჭიროებს.

თუმცა ზოგჯერ შეიძლება გამოყენებულ იქნას მუცლის ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები (მაგ. მაალოქსის სუსპენზია (ზუსტი დოზირება საჭიროა ჰკითხოთ პედიატრს), ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები არ არის რეკომენდებული, რადგან ის არ ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას, არც სწრაფ გაუმჯობესებას უწყობს ხელს, თუმცა 2 ციკლის ჩავარდნის შემთხვევაში შესაძლოა ვიფიქროთ ამ წამალზე (დომპერიდონი >5 წ ან დოპროკინ -ს სუსპენზია);

პრობიოტიკების მიღება სადავოა ჯერაც, ბევრი კვლევა ჩატარდა ამ მიმართულებით, ბევრიც ტარდება და კიდევ ბევრი ჩატარდება, შედეგები არაერთგვაროვანია-ზოგიერთის მიხედვით :დაავადების მიმდინარეობას არ ცვლის ამიტომ აზრი არა ავქს მიღებას, ზოგიერთმა აჩვენა, რომ დიარეის და ღებინების დღეების რაოდენობას ამცირებს 1-2ით.

უახლეს კოჰრეინ განხილვაში (ერთ-ერთი ყველაზე სანდო, რომელიც განიხილავს კველევბს მტკიცებულების დონის და სანდოობის მიხედვით და აანალიზებს) წერია, რომ In summary, new evidence has confirmed that the probiotics currently supported by ESPGHAN/ESPID –Lactobacillus GG and S. boulardii – are effective in reducing the duration of diarrhoea. Current evidence clearly indicates that these are not the only effective probiotic microorganisms; however, these are the most studied. Probiotic effects are strain-specific, so the efficacy and safety of each should be established. The safety and clinical effects of 1 probiotic microorganism should not be extrapolated to other probiotic microorganisms. The role of probiotics in the treatment of AGE in the era of rotavirus vaccination has yet to be established.2013

ანუ ის პრობიოტიკები, რომლებიც Lactobacillus GG და S. boulardii შეიცავს რეალურად ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას;

დიარეის საწინააღმდეგო მედიკამენტები არ არის რეკომენდებული!

ანტიბიოტიკი არაა საჭირო ვირუსული გასტროენტერიტის დროს! ასევე საკამათოა გამოვიყენოთ თუ არა ანტიბიოტიკი გასტროენტერიტის იმ იშვიათი ბაქტერიული ფორმების დროსაც კი.

ხშირად დასმული შეკითხვები და პასუხები:

როგორ გავიგო ეს ვირუსია თუ სხვა რამე მაგალითად ჯვებითი ინტოქსიკაცია?

საკვებისმიერი ტოქსინის სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა, დაახლ. 24სთ-მდე, “მოწამვლა” ეს არის ორგანიზმის რეაქცია საკვებში არსებული ბაქტერიის მიერ გაოყოფილ ტოქსინზე. ჩვეუებრივ იწყება ღებინება, მანამ სანამ კუჭი მთლიანად არ მოიშორებს ამ მავნე პროდუქტს, შემდეგ მალევე დგება გამოჯანმრთელება. ჩვეულებრივ დიარეა თან არ ახლავს, ღებინებაც არ გრძელდება დიდ ხანს, ეს 2 ნიშანი განასხვავებს ვირუსული გასტროენტერიტისგან.

უნდა ვინერვიულო თუ არა განავალში ან ამონაღებ მასაში სისხლის ნახვისას?

უფრო ხშირად ამის მიზეზი არის კუჭის ან ნაწლავის შიდა კედლის “ნაკაწრი” , რომელიც ისევე როგორც კანის მცირე ნაკაწრი მალევე ხორცდება თავისით. თუმცა ყველა შემთხვევაში ჯობია პედიატრთან კონსულტაცია

ღებინება და/ან დიარეა ძალიან მტკივნეულია? ჩემი შვილი ყოველ ჯერზე ტირის ტკივილის გამო

ღებინება და დიარეამ შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი კუნთების სპაზმი-რაც მტკივნეულია, ტკივილი იკლებს დაავადების სიმპტომების კლებასთან ერთად. მწვავე და ძლიერი ტკივილი, რომლის ინტენსივობაც მატულობს ყურადღბამისაქცევია და საჭიროებს ექიმის კონსულტაციას.

შემიძლია მედიკამენტებით ვუმკურნალო სიმპტომებს ექიმის გარეშე?

ჩვეულებრივ მედიკამენტი საჭირო არ არის, რადგან ვირუსული დაავადება თანდათან თავისით განიკურნება. თუმცა თქვენზეა დამოკიდებული, გონივრული, დროული და საჭიროებისამებრ გამოყენებულმა ღებინების საწინააღმდეგო საშუალებამ შეიძლება აგაცილოთ ინტრავენური გადასხმის  და/ან ემერჯენსში “სტუმრობის” საჭიროება. თუმცა უხშირეს შემთხვევაში სწორი, თანმიმდევრული და ადეკვატური რეჰიდრატაციული თერაპია ერთადერთია რაც საჭიროა.

რა გავაკეთო თუ ჩემს ბავშვს ძალიან სწყურია და ითხოვს წყალს ღებინებიდან ძალიან მალე?

მაქსიმალურად ეცადეთ აარიდოთ სითხის დალევა პირველი 30 წუთი ღებინებიდან, შეიძლება მოსატყუებლად და პირის ოდნავ დასასველებლად ყინულის ნატეხი გამოიყენოთ (არ გადააყლაპოთ, ოდნავ დაუნამეთ პირი).

2 thoughts on “ღებინება და დიარეა (გასტროენტერიტი) ბავშვებში – პრაქტიკული ცნობები და რჩევები

  1. ჩემი პატარა 8თვისაა მყავს ბუნებრივ კვებაზე საავადმყოფოში მოვხვდით და ხშირი გაშვებით კვირაზ ე მეტია კუჯში გადის წყლად 5_6 მოთენთილი არაა მადაზე არი მაგრამ ძუძუს მეტი სვა საკვები არ უნდა შესაძლებელია თუ არა მაგ დროს ძუძუთი კვება

  2. ცუხელის აღებინა ჩემ გოგომ და სიცხეც აქვს ამასთანავე კუჭიც აეშალა როგორ უმკურნალო სწორედ სანამ ექიმთან მივიყვან სტუმრად ვაართ.წარამარა კუჭნაწლავის პრობლემა აქვს და მალმალე იშლება კუჭში.

დატოვე კომენტარი